საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტს უკვე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. მესამე მოსმენამდე მეორე მოსმენა გაიმართა, პროცესი ამჯერადაც მწვავე განცხადებების ფონზე წარიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დოკუმენტი დღეს გაუმჯობესებულია, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს.
„ეს პირბადეები ჩამოგხსენით, გავაშიშვლეთ თქვენი კანონი და ვაჩვენეთ საზოგადოებას. აღშფოთდნენ არასამთავრობოები, სახალხო დამცველი და გაიძულეთ, რომ მიგვეღო სულ სხვა რამ.
გაშეშებული ადამიანი ხომ გინახავთ ფილმში? შემოულაწუნე მამაოო და ქათამს, რომ აძლევს ამის საფასურად. ჩვენ ყოველგვარი საფასურის გარეშე შემოგილაწუნეთ კარგად გუშინ და ამ შემოლაწუნებამ გამოგაფხიზლათ თქვენ. თუ არ გეყოფათ კიდევ შეგვიძლია შემოგილაწუნოთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.
ოპოზიცია აგროვებს ხელმოწერებს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით მიმართოს. დღეს სხდომათა დარბაზში იყო მცირედი ხმაური, კერძოდ თინა ბოკუჩავასა და გია ვოლსკს შორის.
„ანტიკრიზისული გეგმა ჯერ დაანონსებული არ იყო, როდესაც მაჟორიტარ დეპუტატებს უკვე საკუთარი აპარატებისთვის დავალებული ჰქონდათ, რომ პარტაქტივის სიები შეედგინათ, შემდგომ იმ შესაძლო დახმარებებს ვინ მიიღებდა. ძალიან კარგად გვახსოვს. ბატონო ვოლსკი ალბათ თქვენც გაეცით ასეთი დავალება და უფრო სამარცხვინო დავალებებიც გაქვთ გაცემული. თქვენი ადგილი საერთოდ არ არის პარლამენტში, როგორც ცეკას ინსტრუქტორის.
რაც შეეხება ხუნდაძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, იმედი გვაქვს, რომ პარლამენტში იქნება 30 დეპუტატი და ყოველგვარი პარტიული ინტერესების გარეშე შევიტანთ ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში და დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტური მსჯელობის შემთხვევაში აუცილებლად ცნობს ამ კანონს არაკონსტიტუციურად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.